რა არის მიკრო ტესე (Micro TESE)?
Micro TESE, იგივე სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია (ამოღება) მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ახალ მიკროქირურგიულ მეთოდს წარმოადგენს.
პროცედურა მიკროსკოპით, ანესთეზიის ქვეშ ხორციელდება და შედეგად მიღებული სპერმატოზოიდი ან სპერმატოზოიდები ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში გამოიყენება.
რა უპირატესობები აქვს მიკრო ტესეს?
მიკრო ტესეს (სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია) არამიკროსკოპულ, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:
- ოპერაცია კეთდება მიკროსკოპის გამოყენებით;
- აქვს სპერმის მოპოვების ყველაზე დიდი სიხშირე სხვა არამიკროსკოპულ მეთოდებთან შედარებით, რაც შეადგენს დაახლოებით 40-60%;
- ამ მეთოდით მოპოვებული 1-2 სპერმატოზოიდიც კი საკმარისია, რომ თანამედროვე მეთოდით კრიოპრეზერვაცია (სპერმის გაყინვა) მოხდეს და სამომავლოდ ის პაციენტმა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის გამოიყენოს;
- მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების რისკი მინიმალურია;
- ოპერაციის შემდეგ ტესტოსტერონის დონის დაქვეითებისა და სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ერექციული დისფუნქციის რისკებიც პრაკტიკულად არ არსებობს.
ვისთვის არის რეკომენდებული მიკრო ტესე?
Micro TESE არაობსტრუქციული აზოოსპერმიის (ეაკულატში — სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა) დიაგნოზის მქონე მამაკაცებისთვის არის რეკომენდირებული.
მიკრო ტესეს დახმარებით, უკვე იმ პაციენტებსაც აქვთ ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი, რომლებიც აქამდე სპერმის დონორის კანდიდატები იყვენენ და მათაც, ვინც სხვა მეთოდით გაკეთებული ოპერაციით აქამდე შედეგი ვერ მიიღეს.
როგორ უნდა მოემზადო პროცედურისთვის?
Micro TESE -ს პროცედურის დაგეგმვამდე პაციენტმა შემდეგი ეტაპები უნდა გაიროს:
- კონსულტაცია უროლოგ-ანდროლოგთან
- ჰორმონალური ანალიზები
- სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია
- გენეტიკური ტესტები —კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ტესტი და სხვა საჭიროების შემთხვევაში.
ამ ეტაპების გავლის შემდეგ ექიმი აანალიზებს კვლევის შედეგებს და შესაბამისად გეგმავს Micro TESE-ს პროცედურას.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობის მიუხედავად, შესაძლოა, მამაკაცს სათესლე ჯირკვალში სპერმის წარმოების ფოკუსური უბნები ჰქონდეს. Micro TESE -ს დროს ხდება სათესლე ჯირკვალის მიკროდისექცია (გახსნა) და მიკროსკოპის საშუალებით სპერმის წარმომქმნელ მილაკებში სწორედ ამ ფოკუსური უბნების ძებნა, რომლებშიც შესაძლოა აქტიური სპერმატოგენეზი (სპერმის წარმოქმნა) კვლავაც მიმდინარეობს. პროცედურის დროს ამ მილაკებიდან მინიმალური, 2-3 მმ ზომის ქსოვილის ამოკვეთა ხდება, რაც სხვა ტექნიკების დროს ამოკვეთილი ქსოვილის მოცულობაზე მინიმუმ 70-ჯერ ნაკლებია. შემდეგ მასში ემბრიოლოგი სპერმატოზოიდს ეძებს, რათა ის ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში გამოიყენოს.
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი მიკრო ტესეს პროცედურას წარმატებით ატარებს.
Micro TESE — რეპროარტის მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში დანერგილი ახალი მეთოდი, პრაქტიკულად ორჯერ ზრდის ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსს. თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის პროგრესი მამაკაცის უნაყოფობის პრობლემას დღითიდღე უფრო ეფექტიანად უმკლავდება.
მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი მამობას. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე მიკრო ტესეს მეთოდი, რომელის დამხარებითაც გავხდი საკუთარი, ბიოლოგიური შვილის მამა.
დავითი
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
მიკრო ტესეს პროცედურა მტკივნეულია?
პროცედურა არ არის მტკივნეული, რადგან ანესთეზიით მიმდინარეობს.
პროცედურის შემდეგ რამდენი ხანი რჩება პაციენტი კლინიკაში?
პროცედურის შემდეგ პაცინეტი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათს რჩება.
რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას?
მცირე დისკომფორტი და ტკივილი ნაოპერაციებ არეში შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს (ამ პერიოდში პაციენტს უნიშნავენ შესაბამის მედიკამენტებს). პაციენტი ჩვეულ ცხოვრების წესს შესაძლებელია, დაუბრუნდეს მინიმუმ 10 დღეში. სრულ რეაბილიტაციას კი 10-14 დღე სჭირდება.