რა ფუნქცია აქვს ფალოპის მილებს?
ფალოპის მილები — წყვილი სტრუქტურაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საკვერცხეებსა და საშვილოსნოს ღრუს. როდესაც ოვულაციის დროს კვერცხუჯრედი გამოიყოფა საკვერცხიდან, სწორედ მილია ის გზა, სადაც სპერმატოზოიდი უნდა შეხვდეს მას და განაყოფიერება მოხდეს.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მილის საშუალებით გადმოდის საშვილოსნოში, სადაც ის თავსდება და იწყებს განვითარებას.
თუ მილები დახშულია ან მათი შიდა სტრუქტურა დაზიანებულია, სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მიღწევა ვერ შეუძლია, ან განაყოფიერებული ემბრიონი ვერ გადაადგილდება საშვილოსნომდე — რაც უშუალოდ აფერხებს ორსულობას.
ჯანმრთელი ფალოპის მილები – როგორ ხვდება სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს და როგორ გადაადგილდება ემბრიონი საშვილოსნოში
ბლოკირებული ან დაზიანებული მილები – როდის ვერ ხვდება კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს
ამიტომაც ფალოპის მილების გამტარობის შეფასება უნაყოფობის დიაგნოსტიკის აუცილებელი ნაწილია — განსაკუთრებით მაშინ, როცა დაორსულება გარკვეული დროა არ ხერხდება.
ფალოპის მილების გამტარიანობის დადგენა
ფალოპის მილების გამტარიანობის გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, ღიაა თუ არა საშვილოსნოს მილები და მუშაობენ თუ არა სწორად — რაც აუცილებელია ბუნებრივი ჩასახვისთვის. გამტარი მილები საშუალებას აძლევს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შეხვდნენ ერთმანეთს. თუ მილები დახშულია, ჩასახვა ბუნებრივად ვერ მოხდება.
რეპროარტში ვიყენებთ ექოკონტრასტული ქაფით ჩატარებულ ჰისტეროსალპინგოგრაფიას — თანამედროვე, პაციენტზე მორგებულ მეთოდს, რომელიც ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ტარდება. ვიყენებთ რბილ, ულტრაბგერით ხილვად ქაფს, რომელიც იძლევა სიზუსტეს მინიმალური დისკომფორტით.
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
საშვილოსნოს მილების ბლოკირება ან დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, როცა დაორსულება ბუნებრივად ვერ ხდება. მილებში განაყოფიერება ვერ ხდება ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ აღწევს საშვილოსნოს ღრუში.
დროული და ზუსტი დიაგნოზი საშუალებას გაძლევთ, ექიმთან ერთად მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება — გააგრძელოთ ბუნებრივი ცდები, განიხილოთ ქირურგიული ჩარევა, ან დაიწყოთ ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF).
როდის უნდა შემოწმდეს ფალოპის მილების გამტარიანობა?
- უკვე 6–12 თვეა ცდილობთ დაორსულებას, მაგრამ უშედეგოდ
- გქონიათ მენჯის ანთება, ენდომეტრიოზი ან გაკეთებული გაქვთ მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციები
- გქონიათ ეკტოპური ორსულობა
- გეგმავთ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას (IUI) ან ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF)
როგორ მოემზადოთ მილების გამტარიანობის პროცედურისთვის?
Foam SonoHSG, ანუ ექოკონტრასტული ქაფით ჩატარებული ჰისტეროსალპინგოგრაფია, ტარდება მენსტრუალური ციკლის 9–12 დღეს — მას შემდეგ, რაც დასრულებულია სისხლდენა და ოვულაციამდე მცირე დროა დარჩენილი. ამ ფაზაში მილების შეფასება არის ზუსტი და უსაფრთხო.
კლინიკა რეპროარტში პროცედურა ექოსკოპის კონტროლით, ექოკონტრასტული ქაფის გამოყენებით მიმდინარეობს. ექოკონტრასტული ქაფი საშვილოსნოს ღრუსა და მილების კონტურის ნათელ გამოსახულებას იძლევა, საშვილოსნოს მილების გამავლობა კი ადვილი ამოსაცნობი ხდება.
გასათვალისწინებელია, რომ პროცედურის ჩატარებამდე ქალს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა ესაჭიროება. თუ კვლევის შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, სონოჰისტეროსალპინგოგრაფია მენსტრუალური ციკლის მე 9-12 დღეს ჩატარდება.
მომზადება მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
- ვაგინალური ნაცხის ანალიზი (ბაქტერიოსკოპია) — ინფექციის გამოსარიცხად
- ციკლის დაწყებიდან პროცედურამდე საჭიროა თავის შეკავება დაუცველი სქესობრივი კავშირისგან
- გთხოვთ, ექიმს აცნობოთ, თუ არსებობს ორსულობის მცირე ეჭვიც კი
- თქვენი პირადი კოორდინატორი ან ექთანი მოგაწვდით ზუსტ დეტალებსა და რეკომენდაციებს
რატომ ექოკონტრასტული ქაფით მილების გამტარიანობის შემოწმება?
- პრაქტიკულად უმტკივნეულოს ხდის საკმაოდ უსიამოვნო პროცედურას. ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრ ფია მარტივი, უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურაა
- არის არატრამვული, არ საჭიროებს ტყვიის მაშით საშვილოსნოს ყელის ფიქსაციას
- არ აზიანებს ენდომეტრიუმსა და საშვილოსნოს მილების ამომფენ მოციმციმე ეპითელიუმს
- არ ახდენს გავლენას კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე, რაც პროცედურის ჩატარების ციკლში შეუზღუდავ სქესობრივ კონტაქტს ხდის შესაძლებელს
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
მტკივნეულია მილების გამტარიანობის პროცედურა?
უმეტეს შემთხვევაში — არა. ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა მცირე სპაზმს ან წნევას იგრძნობს მუცლის ქვედა ნაწილში, რაც ჰგავს მენსტრუალურ სპაზმს და რამდენიმე საათში გადის. ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია მარტივი, უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურაა.
რამდენ ხანს გრძელდება მილების გამტარიანობის პროცედურა?
პროცედურა, ჩვეულებრივ, გრძელდება დაახლოებით 15–30 წუთი. საშუალოდ, ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ქაფის შეყვანისა და შეფასების პროცესი სწრაფია და არ საჭიროებს დიდ დროს კლინიკაში ყოფნისთვის. გამოკვლევის შემდეგ, უმეტესობა პაციენტებისა იმავე დღესვე უბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.
რატომ სჯობს ტრადიციულ რენტგენოლოგიური კვლევას?
ტრადიციულ რენტგენოლოგიურ HSG-სგან განსხვავებით, არ საჭიროებს რადიაციას, კლამპით ფიქსაციას და არ იწვევს ტკივილს. არ აზიანებს ენდომეტრიუმს და არ ზემოქმედებს სპერმასა და კვერცხუჯრედზე, რაც საშუალებას გაძლევთ იმავე ციკლში სცადოთ ჩასახვა. მეთოდი ზუსტია, უსაფრთხოა და კომფორტული — მშობლობის გზაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯისთვის.
საჭიროა ანესთეზია პროცედურის დროს?
არა. პროცედურა უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს არც ადგილობრივ და არც საერთო ანესთეზიას. თუ მაინც გაქვთ შფოთვა ან ტკივილის შიში, შეგიძლიათ წინასწარ აცნობოთ თქვენს კოორდინატორს ან ექთანს — ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.
რამდენად სანდროა პროცედურა?
ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია (Foam SonoHSG) არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო, არაინვაზიური და უსაფრთხო მეთოდი საშვილოსნოს მილების გამტარობის შესაფასებლად. ის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ როგორც მილების მდგომარეობა, ისე საშვილოსნოს ღრუს კონტურები — სწრაფად, დეტალურად და რადიაციის გარეშე.
შესაძლებელია ჩასახვის მცდელობა იმავე ციკლში?
კი. Foam SonoHSG არ აზიანებს კვერცხუჯრედსა და ენდომეტრიუმს, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაგრძელოთ მცდელობა იმავე მენსტრუალურ ციკლში.